ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება

ფინანსთა სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება.

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი. ცნობისთვის, კანონპროექტის განხილვა 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

კერძოდ, ცვლილება გულისხმობს სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ქვეშ მოქცევას.

კანონპროექტის თანახმად, მოხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს რეორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მიერთების გზით. შედეგად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განისაზღვრება და მის ფუნქციებსაც განახორციელებს.

ცნობისთვის, კანონის არსებული რედაქციით, სახელმწიფო ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ორ ადმინისტრაციულ ორგანოზეა გადანაწილებული. კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვას და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვას - ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

„ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების კანონით უფრო დეტალური რეგულირების სჭიროებით, რაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პრაქტიკიდან (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკიდან) გამომდინარე. კერძოდ, არსებული რედაქციით კანონი:

  • ითვალისწინებს მოძველებულ ტერმინებს და ტერმინთა განმარტების ნაწილი შესაბამისობაშია მოსაყვანი კანონმდებლობასთან.
  • არ ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების პირვატიზებისას, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემისას საქართველოს მთავრობის განკარგულების აღსრულების ვადის განმავლობაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგებს, რაც ბუდნოვანებას წარმოშობს პრაქტიკაში.
  • მკაფიოდ არ განსაზღვრავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაში აუქციონის შედგების გაუქმების წინპირობებს.
  • არ ითვალისწიწინებს სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაზე სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი რეგულაციების გავრცელებას, რაც პრაქტიკაში პრობლემებს წარმოშობს.
  • არაერთგვაროვნად არეგულირებს სახელმწიფო ქონების აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადას,“-აღნიშნულია კანონპროექტში.
თაია არდოტელი