2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.2 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11.1 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12.4 პროცენტით არის გაზრდილი.

„საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 16.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.7 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი - 42.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკრეტულად, 3,624.4 ათასი და 2,104.6 ათასი ვიზიტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.2 ღამე შეადგინა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.