„თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“

„მიუხედავად იმისა, რომ თვითღირებულება გაზრდილია, ახალ აშენებულ ბინებზე ფასები აუცილებლად შემცირდება. დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა კი კიდევ გაიზრდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დეველოპერული კომპანია GDG+-ის დამფუძნებელმა ბეჯან წაქაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ბინების თვითღირებულება 2017 წლიდან ამოქმედებული სამშენებლო რეგულაციების ფონზე მნიშვნელოვნადაა მომატებული. ამ ფაქტს კი 2019 წლის 15 იანვრიდან ქვეყანაში სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლიც დაემატა.

„ისედაც გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციების ფონზე, დეველოპერებს ახალი თავსატეხი საბანკო რეგულაციებმაც გაუჩინა. რეალიზაცია ყველგან შემცირებულია. ეს კი ძალიან ბევრ ცუდ რაღაცას გამოიწვევს. პირველ რიგში კი დაუმთავრებელი მშენებლობების ზრდას. დღეს ქალაქში 170-მდე დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა და მე ვფიქრობ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ქალაქზე“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ქრისტინე გამთენაძე