კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, კომპანია “მაგთიკომს” 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა. გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში",- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ 1-ლი მარტიდან ტარიფების მომატების შესახებ კომპანიებმა "მაგთიმ" და "სილქნეტმა" 21 იანვარს განაცხადეს. როგორც კომპანიები აცხადებდნენ, ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებდნენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებდა, რომ კომპანიების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის, შესაბამისად, კომპანიებს მოუწოდებდა, რომ ტარიფების გაზრდის პროცესი შეეჩერებინათ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „სილქნეტმა“ ტარიფების გაძვირების პროცესი შეაჩერა. კახა ბექაური იმედს გამოთქვამდა, რომ „მაგთიც“ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.