„სახელმწიფო „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში სახელმწიფოს მიერვე დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება და ვერდიქტი გამოძიების დასრულებამდე დადო"

მაქსიმუმ, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივად გააკეთოს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან მათი გადაყენებაა, თუმცა, ისინი საბჭოს წევრებად მაინც დარჩებიან, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ალაფიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში სახელმწიფოსვე მიერ დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება და გამოძიების დასრულებამდე ეროვნულმა ბანკმა ვერდიქტი დადო.

„მაქსიმუმ, რასაც გადაყენების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ სამართლებრივად შეიძლება მიაღწიოს, ეს არის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება, თუმცა, ამის დასაბუთება გაუჭირდებათ. ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დარჩებიან. სხვას ვერ იზამენ, რადგან ეს კანონში წერია. წევრობიდან გამოწვევა კი, კანონშეუსაბამო მოთხოვნაა.

დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტად, ვიდრე ახლა პროცესი მიმდინარეობს, მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის ქმედებას ბანკის დაზარალება არ შეუძლია. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, კანონი ამბობს, რომ თუკი არსებობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი ან ქმედება, ამ შემთხვევაში შეუძლია ეროვნულ ბანკს მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს გადააყენოს თავმჯდომარე, მაგრამ წევრად დატოვებასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. ეროვნული ბანკის განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი, იქ არის ინტერესთა კონფლიქტის რაღაც რეგულაციების დარღვევაზე საუბარი, ასეთი ჩანაწერი კანონში არ არის.

ჩემთვის გამოსაცნობი ხდება, ნოემბრიდან მოყოლებული რასაც ვუყურებ, რომ სწორედ ამ ნორმის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების კონტექსტში იქნა მოთხოვნილი ხაზარაძის გადაყენება, რასაც ეროვნული ბანკი საჯაროდ არ ამბობს. ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანი და მანიშნებელია ჩემთვის, რომ სახელმწიფო „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში სახელმწიფოსვე მიერ დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება. კანონი ამგვარ მოთხოვნებს „სანქციას“ არქმევს. გადაყენების მოთხოვნაც კი, თუ ამის საფუძველი არსებობს, სასჯელია. ახლა გავიხსენოთ რა ხდება პროკურატურაში - თუკი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული კითხვებია ეროვნული ბანკის და პროკურატურის გამოძიების საგანი ეროვნული ბანკის დღევანდელი სანქცია, გადაწყვეტილება უკვე განაჩენს ხომ არ ჰგავს, მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის. არათუ დასრულებული არ არის, სასამართლო პერსპექტივა ექნება თუ არა, ისიც არ ვიცით. ფაქტები დადგენილი არ არის. ეროვნული ბანკი კი, წინასწარ აცხადებს ვერდიქტს“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.