საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდაშელის მინისტრობის დროს "ნიუ ატლასთან" მხოლოდ ერთი კონტრაქტი გაფორმდა ნიჩბოსნურ ტრენაჟორზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, 2016 წლის 21 მარტს, ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში, 35 346 ლარიანი ხელშეკრულება დაიდო. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ კომპანიისგან 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეიძინა. თითოეულის ფასი 86 ლარი იყო. მიწოდების ვადა კი კომპანიას 2016 წლის 24 მარტის ჩათვლით ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის, „ფლანგვის დეტექტორის“ მტკიცებით, კომპანია ,,ნიუ ატლასი“ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტით სარგებლობს და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია 2018 წელს შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ შეიყვანა, ტენდერების პირობების დარღვევისთვის, იზორიას უწყება კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობებით აცხადებს ტენდერებს.
ხიდაშელი აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში „ნიუ ატლასთან“ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება დაიდო. მისივე მტკიცებით, მაღალყელიანი ფეხსაცმელი უწყებამ ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში შეიძინა.
თავის მხრივ კი, თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია „ნიუ ატლასს“ ლობირებს.