საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფციაშია აღნიშნული.
არსებული კონცეფციის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს სისტემაში ჩასართავად შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს:
- მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულება სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. თუ სესხის აღება ხორციელდება ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ, თითოეული ცალ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს.
- სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 ათას, ხოლო მაქსიმალური 2 მლნ ლარს. ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ სესხის აღების შემთხვევაშიც სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 2 მლნ. ლარი.
- ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა იყოს დაგეგმილი გარანტიის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვის განმავლობაში. არსებული საწარმოს შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა მოხდეს გარანტიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის სესხის ვადიანობაში.
- გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა არაუმეტეს 7 წელი. გარანტიის ვადიანობა არ შეიძლება აჭარბებდეს სესხის ვადიანობას.
- სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე.
- საქმიანობის სახეები: წარმოება და გადამუშავება, ელექტროენერგიის წარმოება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და დამუშავებები, სამედიცინო მომსახურება, სასტუმროების სექტორი, კაფე-რესტორნები, (საქმიანობების სახეების ჩამონათვალი განისაზღვრება კლასიფიკატორის შესაბამისად).
საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს.
არსებული კონცეფციის მიხედევით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც მაღალი საკრედიტო რისკით ხასიათდება. სქემას ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.
როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება.