ვინ ფლობს „თიბისი ბანკს“

„თიბისი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტია, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

"თიბისი ბანკის" აქტივების მოცულობა 15,1 მილიარდ ლარზე მეტია. 2018 წელს ბანკის წმინდა მოგებამ 361,493,246 ლარი შეადგინა.

ბანკის გარშემო უკვე მეორე თვეა აჟიოტაჟი არ წყდება. საუბარია, 11-12 წლის წინანდელი ტრანზაქციების დოკუმენტაციის პროკურატურისა და ეროვნული ბანკის მიერ შესწავლის ფაქტზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვინ არიან „თიბისის“ შედარებით მსხვილი აქციონერები. როგორც 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკს რამდენიმე მსხვილი აქციონერი ჰყავს. მათგან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯამურად 20%-იანი წილის უფლება აქვთ.

კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით, ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.52%; ბადრი ჯაფარიძე - 6.76%; European Bank for Reconstruction and Development - 8.17%; JPMorgan Asset Management - 8.39%; Schroder Investment Management - 7.07% და Dunross & Co. - 5.50%.

რაც შეეხება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, მისი თავმჯდომარეა მამუკა ხაზარაძე; მოადგილეა - ბადრი ჯაფარიძე; ხოლო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები არიან: ერიკ რაჯენდრა, ცირა კემულარია, ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი და მარია ლუიზა ჩიკონიანი.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.

თაია არდოტელი
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
დავით სერგეენკო „თიბისი ბანკზე“ - მჯერა, პროცესი ისე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება
გიორგი ცუცქირიძე „თიბისი ბანკზე“ - რაც ნაკლები იქნება ამ პროცესში პოლიტიკის ჩართვის მცდელობა და პანიკური აჟიოტაჟი, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის