პაატა ზაქარეიშვილი: ერგნეთის ბაზრობის გახსნა ასოცირების ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში არ იქნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ერგნეთის ბაზრობის გახსნა ასოცირების ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში არ იქნება.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს მეტ კონტაქტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან და აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობაში არ იქნება. რაც შეეხება უშუალოდ ბაზრობის გახსნის საკითხს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს განხილვის პერიოდში იმყოფება.

"გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და გადაწყვეტილების რეალიზაციაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია, სად, როგორ და რა ფორმით იქნება. ერგნეთის ბაზრობაზე პირობითად ვლაპარაკობთ, რათა წარმოდგენა გვქონდეს, რაზე ვსაუბრობთ. შეიძლება სხვაგან იყოს, იქ სადაც უკეთესი იქნება, მაგრამ ვნახოთ, სად, როგორ, რა ფორმით შეიძლება ამ ტიპის ბაზრობა გამართლებული იყოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ეს საკითხი იყოს განხილული, თუმცა ამაზე საბოლოო სიტყვა ექსპერტებმა უნდა თქვან.