K2 კოეფიციენტის გაყიდვის გაუქმება ნიშნავს, რომ აიკრძალება თავზე დაგვადგან მრავალსართულიანი კორპუსები, იქ სადაც არც სივრცეა, არც ეზოს მოწყობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ სამშენებლო კოეფიციენტების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ნამდვილად მისასალმებელია თბილისის საკრებულოს და მერიის გადაწყვეტილება. ამას დიდი ხანია ელოდება თბილისის მოსახლეობა. ქალაქის ბევრი უბანი დააზიანა ქაოტურმა მშენებლობამ და განსაკუთრებულად საბურთალო, სადაც მცხოვრებლები წლებია წუხან იმ საკითხზე, რომ ეზოში, მიწის პატარა მონაკვეთზე 4 სართულიანი პროექტით იწყებოდა მშენებლობა და ბოლოს 10 სართულით სრულდებოდა. K2 კოეფიციენტის გაყიდვის გაუქმება ამ ქაოტურ და მავნე პროცესს დაასრულებს. ეს ნიშნავს, რომ აიკრძალება თავზე დაგვადგან მრავალსართულიანი კორპუსები, იქ სადაც არც სივრცეა, არც ეზოს მოწყობის შესაძლებლობა და საერთოდ, კანონით არის შეზღუდული მასშტაბური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ვფიქრობ, ეს ქალაქის განაშენიანებას სწორ კალაპოტს მისცემს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღიკვეთება მშენებლობის კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა.