თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში შესატანი საგნის ღირებულებისა და შემოსავალ/გასავლის ნაწილში მისათითებელი თანხის ოდენობები იზრდება.
ცვლილებები ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს განხილვისთვის უკვე წარედგინა.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით, 4 ათასი ლარს აღემატება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ნაღდი ფულადი თანხის ოდენობა 4 ათასი ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება 3 000 ლარს აღემატება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით კი, საგნის ღირებულების ოდენობა 3 000 ლარიდან 10 ათას ლარამდე იზრდება.
ასევე, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის შემოსავლისა და გასავლის ნაწილში სადღეისოდ განსაზღვრული თანხა 1 500 ლარი იზრდება 5000 ლარამდე - გასავლის ნაწილში, ხოლო შემოსავლის ნაწილში - 3 000 ლარამდე.
“აღნიშნული ცვლილება განპირობებულია “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობის საკითხის დარეგულირებით. კერძოდ, ხსენებული კანონის მიღების შემდგომ დღემდე, ეტაპობრივად ხორციელდებოდა თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გაზრდა. შესაბამისად, წლების წინ განსაზღვრული ჩანაწერი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საგნის ღირებულებისა და საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავლის ან გასავალის ნაწილში მითითებულ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულ იქნა იმ დროს არსებული დაბალი თანამდებობრივი სარგოების ოდენობით, დღესდღეობით ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გათვალისწინებულია კორუფციის სფეროში სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათი გამოვლენის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების კუთხით. ამდენად, მოცემული ცვლილებით განსაზღვრული საგნის ღირებულებისა და შემოსავლის ნაწილში მითითებული თანხის ოდენობა, დღეს არსებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებაში უფრო მეტად რელევანტური იქნება“, - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი და ალექსანდრე ერქვანია.