რატომ ვერ იწყებს სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახი სასტუმროს მშენებლობას

სურამში, ბაიანთხევში სასტუმრო „სურამი პალასის“ მშენებლობა ისევ არ დაწყებულა. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ჯულია ანტილოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ადგილობროვების საჩივრების გამო, სასამართლომ მშენებლობის ნებართვა შეაჩერა. შესაბამისად, სანამ სამართლებრივი დავა არ დასრულდება, სასტუმროს ბედი გაურკვეველი იქნება.

„სურამი პალასის“ მშენებლობას ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს იქ არსებულ ტერიტორიაზე ტყის გაჩეხვა სურს.

გასული წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი. მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა. სანიაღვრე სისტემის მოწყობა სასტუმროს მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

მოგვიანებით, სასტუმროს მშენებლობის უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. როგორც მაშინ ჯულია ანტოლოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის მარტში დასრულებულიყო.

როგორც ირკვევა, ადგილობრივების ნაწილი საჩივრების წერას ახლაც განაგრძობს, თუმცა როგორც ჯულია ანტლოგოვა აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული და ამასთან, ხეების გაჩეხვა არ იგეგმება, ადგილობრივების პროტესტი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

მისივე ინფორმაციით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილია, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. ჯულია ანტილოგოვას თქმით, ისინი შიშობენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებს, რაც ინვესტორის თქმით, გამორიცხულია, რადგან მათი სეგმენტი განსხვავებულია.

„სამწუხაროდ, მშენებელობა ჯერ კიდევ ვერ დავიწყეთ, რადგან მოსახლეობა საჩივრების წერას ისევ აგრძელებს. საქმე სასამართლოშია და სანამ არ დასრულდება, მშენებლობის ნებართვა დროებით შეგვიჩერეს. სავარუდოდ, 2 თვე მაინც დასჭირდება განხილვას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება, რადგან ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა და ამასთან, პროექტი არავის აზიანებს“,- აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.

ცნობისათვის, 906 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მამია ბითაძე 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, მან გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონზე 275 000 ლარად შეიძინა. ინვესტორის ინფორმაციით, სასტუმრო 4 სართულიანი იქნება, სადაც 36 ნომერი განთავსდება. აქედან 26 სტანდარტული, ხოლო 8 VP ნომერი იქნება. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, 2 მილიონი დოლარია.

ნინი ქეთელაური