თურქი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ

თურქი ბიზნესმენის ომერ სარის განცხადებით, ივანე ჩხარტიშვილმა მას 200 ათას ლარიანი გარიგება შესთავაზა, რათა სანაცვლოდ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტოს.

თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიებში-"პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯი-ეს-კოში" 5-5%-ინი წილის მფლობელია, ვანო ჩხარტიშვილს 2008-09 წლებში აღნიშნული კომპანიებიდან გატანილი 3 მლნ დოლარის უკან დაბრუნებას ედავება.

როგორც თურქი ბიზნესმენი აცხადებს, მან საქართველოს პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთი წლის წინ ამ მიზნით საჩივრები შეიტანა, თუმცა საგამოძიებო მოქმედების შედეგი დღემდე არ ჩანს.

ომერ სარის წარმომადგენელი მამუკა კაკუშაძე აცხადებს, რომ თურქ ბიზნესმენს გამოძიების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი გაუჩნდა. ამიტომ მან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენისთივის თურქეთის ხელისუფლებას ოფიციალურად უკვე მიმართა.

ომერ სარის თქმით, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანია "სონატა ალიანს ჯორჯიას" პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობით, უშუალოდ აღნიშნული კომპანიის დირექტორის ლევან ჯღარკავას მიერ, თანხები გამოტანილია ან გადარიცხულია არა ზემოთ აღნიშნული კომპანიების საჭიროებისთვის.

"ჩვენ გვაქვს სასამართლოზე დირექტორის ლევან ჯღარკავას ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ ეს კომპანია ჩხარტიშვილს ეკუთვნის. ეს დაადასტურეს ჩხარტიშვილის ოჯახის ადვოკატებმაც. შესაბამისად, ლევან ჯღარკავა ადასტურებს, რომ მას თანხები გამოჰქონდა "სონატა ალიანს ჯორჯიას" წარმომადგენლის რატი ღვამბერიას დავალებით. ასევე ეს თანხები შეჰქონდა თავის ანგარიშზე. რატი ღვამბერიას კი ლევან ჯღარკავას ანგარიშიდან გაქონდა თანხები. ამასთან, სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული ლევან ჯღარკავა ასევე აჩვენებს, რომ თანხებს ივანე ჩხარტიშვილის დავალებით სხვადასხვა კომპანიაში რიცხავდა. კერძოდ, გემების, ამწეების შესაძენად და წისქვილკომბინატის სესხის ასაღებად. ამას ეს უწოდებს ფულის გადატანის ტექნოლოგიას. ეს არის დირექტორის მირ პირდაპირ აღიარება, თუ სად მიჰქონდა მას 3 მლნ ამერიკული დოლარი", - აღნიშნა მამუკა კაკუშაძემ.

მისივე განცხადებით, ზემოთ აღნიშნული სასამართლო პროცესები ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ივანე ჩხარტიშვილს შორის გაიმართა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კომპანიებს მთლიანად ჩხარტიშვილი აკონტროლებდა. სამი მილიონი დოლარი 2008-09 წლებში დაიხარჯა.

"ერთი პერიოდი ივანე ჩხარტიშვილი საერთოდ უარყოფდა დავალიანებების არსებობას "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯი-ეს-კოს" წინაშე და შარშან ჩემს წინააღდეგ სასამართლოს სარჩელითაც კი მიმართა, თითქოსდა მე მას თანხების მითვისებაში ცილს ვწამებდი. ჩემ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შემდეგ მან სასარჩელო წარმოება შეწყვიტა. ერთი თვის უკან კი სტამბოლში, ჩემს ოფისში მოვიდა ჩხარტიშვილის წარმომადგენელი რატი ღვამბერია და გარიგება შემომთავაზა, 200 ათასი ლარის სანაცვლოდ დაწყებული საქმეების წარმოება შემეწყვიტა. კერძოდ, საჩივრები გამოვიტანო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან და ასევე პროკურატურიდან",-განაცხადა ომერ სარიმ.

მისივე თქმით, საქართველოში ყოფნის პერიოდში ის შეხვდა ქართველ პარტნიორებს და მათთან ერთად აპირებს იბრძოლოს ბოლომდე სიმართლის დასადგენად. ითხოვს გამოძიებამ დაადგინოს, სად წავიდა 3 მლნ დოლარი და დაბრუნდეს თანხა კომპანიაში. ასევე დაკითხოს ლევან ჯღარკავა, ბაია შავიშვილი, რატი ღვამბერია და ივანე ჩხარტიშვილი.

თურქი ბიზნესმენის თქმით, ივანე ჩხარტიშვილმა დაავალა თავის წარმომადგენელს ღვამბერიას, მიეღწია შეთანხმება ომერ სარისთან, გადაიხადოს 200 ათასი ლარი, ნაცვლად 3 მლნ დოლარისა. ამასთან, ომერ სარი ფიქრობს, რომ თუ იგი საჩივრებს გაიტანს, შეწყდება საქმის წარმოება და შემდეგ საქმეს ხანდაზმულობის ვადაც გაუვა. ჩხარტიშვილის ამოცანაც ეს არის.

მამუკა კაკუშაძის განცხადებით, ამჟამად ლევან ჯღარკავა რკინიგზის დეპარტამენტში მუშაობს. "ხანდახან ტელევიზიითაც გამოდის და ექსპერტია ლოჯისტიკის დარგში. მე თუ მკითხავთ, ექსპერტი უნდა იყოს თანხების გადატანის ტექნოლოგიაში. ჩვენ ვცდილობთ კანონის ძალით მივაღწიოთ სამართალს", - დასძიან კაკუშაძემ.

მისივე თქმით, კომპანიები, სადაც თუქრ ბიზნესმენს 5%-იანი წილი ჰქონდა, დივიდენდებს ფოთის პორტში ოპერირებისთვის მე-3-4, მე-5 და მე-6 ტერმინალებიდან იღებდა. ამჟამად თურქი ბიზნესმენი კომპანიების მუშაობის შედეგად მხოლოდ მე-5 ტერმინალიდან იღებს დივიდენდებს და იმ დაკარგული აქტების დასაბრუნებლად იბრძვის, რომელიც კაკუშაძის თქმით, კომპანიიდან "სონატა ალიანს ჯორჯიას" დირექტორმა ჯღარკავამ გაიტანა.