მთავრობა გეგმავს შეზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღიშნული, ცვლილებები მიმართული იქნება სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და ეფექტიანობის ამაღლებისაკენ. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მათ შორის სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ასევე, კანონპროექტი მოიცავს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.
„კანონპროექტი აზუსტებს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლებს რის შემდეგაც, შეუძლებელი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობა, გასაწვევი პირის ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის შეცვლით ან 14 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ პირის გაშვილების შემთხვევაში. ასევე, გაწვევის გადავადების საფუძველი ვეღარ გახდება სტუდენტის სტატუსის ქონა კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში.
კანონპროექტით, ასევე, ხდება შესაბამისი ჩანაწერის ამოღება, რის შემდეგაც, საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე და საქართველოში მცხოვრები/მომუშავე პირების მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის საკითხები ერთგვარად დარეგულირდება.
კანონიდან ხდება ჩანაწერის ამოღება, რომლის მიხედვითაც წვევამდელი, რომელსაც სურს რომ ისარგებლოს გადავადების უფლებით, ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1 თვით ადრე აცნობოს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში. აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
გარდა ამისა, კანონპროექტით ზუსტდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საჯარო სამსახურში დანიშვნისას დასაწესებელი შეზღუდვები, მოქალაქეთა სამხედრო აღიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საერთო კოორდინაციის განმახორციელებელი ორგანო, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ბრძანების გამოცემისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადები,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.