ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი  არ შეუშვეს - იანვრის სტატისტიკა

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის იანვრის სტატისტიკაშია ასახული.

კერძოდ, წინა თვეში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 7 449 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც - 4 172 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 336 გასვლით პოლონეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც იანვარში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: ისლანდია - 1 გამგზავრება; სლოვენია - 3 და სლოვაკეთი - 4 გამგზავრება.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვათ, 29-დან ასეთი 13 ქვეყანაა. მათ შორის იტალია ლიდერობს, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 39 უარი დაფიქსირდა 2019 წლის იანვარში; მას მოსდევს კვიპროსი - 37 უარით; მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც უარი 27 პირს ეთქვა შესვლაზე; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 25 და 22 უარით. საფრანგეთს მცირედით ჩამორჩება გერმანია, სადაც 14 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი.

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 29-დან 27 ქვეყანაში უთხრეს საზღვრის კვეთაზე უარი. მათ შორის იტალია ლიდერობდა, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 341 უარი დაფიქსირდა 2018 წელს; მას მოსდევს კვიპროსი - 316 უარით; მე-3 ადგილზე კი გერმანიაა, სადაც უარი 271 პირს ეთქვა შესვლაზე; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და საფრანგეთი ინაწილებდნენ, შესაბამისად, 186 და 150 უარით.

საფრანგეთს მცირედით ჩამორჩებოდა საბერძნეთი და უნგრეთი, სადაც შესაბამისად, 147 და 136 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი, ესპანეთში კი 2018 წლის განმავლობაში - 111 უარი დაფიქსირდა.

თაია არდოტელი