თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ე.წ."ხრუშჩოვკები ახალი შენობებით შეიცვლება, რადგან ეს საბჭოთა არქიტექტურული დანატოვარი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. როგორც ცნობილია, თბილისში სულ 500-ზე მეტი "ხრუშჩოვკაა".
ქალაქის მერის განმარტებით, პირველად ვარკეთილის მესამე მასივში იგეგმება ახალი უბნის გაშენება.
"3 ჰექტარ ტერიტორიაზე 75 000 კვმ ფართობის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც უფრო მეტ ფართობს დაჰპირდება თბილისის მერიას. მინიმალური შეთავაზება 75 000 კვმ-დან დაიწყება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება, რა დაუჯდება გამარჯვებულ კომპანიას ახალი შენობის აშენება და რა დრო სჭირდება ამას?
ოთარ გრიგოლია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე: - უპირველესად დაიწყება კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ავარიულ სახლში ყოფნას, უთუოდ არჩევენ ახალ სახლში გადასვლას. არც ერთი მოქალაქე არ დაზარალდება. ჩვენვე უზრუნველვყოფთ კომუნიკაციების ადგილზე მიყვანას, კომპანიას კი აშენების ვალდებულება ექნება. რაც შეეხება საგარანტიო პირობებს: თუ მშენებელი დაიწყებს პროექტს, გარანტია უნდა გვქონდეს, რომ დაამთავრებს და ჰაერში არ დატოვებს ხალხს. ამის რისკები მაქსიმალურად შემცირებულია - საგარანტიო თანხები გადავანაწილეთ და ცოტა შევამცირეთ, რათა ბიზნესს თანხის ჩადება ერთდროულად არ დაეკისროს.
- ეს ეხება მხოლოდ ვარკეთილის მესამე მასივს თუ ქალაქის რამდენიმე უბანსაც, სადაც "ხრუშჩოვკებია"?
- ვარკეთილი საპილოტე პროექტია. მისი წარმატებით განხორციელება იქნება იმის გარანტია, რომ შემდგომში ცენტრალურ უბნებშიც გადავინაცვლებთ. ვფიქრობთ, 2 წელიწადში უნდა მოვახერხოთ პირველი კორპუსების ჩანაცვლება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშენებელ კომპანიაზე იქნება დამოკიდებული. რა თანხა დაიხარჯება ახალი კორპუსების მშენებლობაში, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის სპეციალისტ ვანო მესხს ვკითხეთ.
- საბაზრო ფასის გათვალისწინებით, რამდენი დაუჯდება ინვესტორს ახალი კორპუსების აშენება?
- ვარკეთილის მესამე მასივში არის მუნიციპალიტეტის ცარიელი მიწა, სადაც შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა. გამარჯვებულმა კომპანიამ ამ გეგმის მიხედვით უნდა ააშენოს ახალი საცხოვრებელი კორპუსები. რაც შეეხება ძველი კორპუსების დემონტაჟს, ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი არ არის.
იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 18 თებერვლის ნომერში