ბანკებმა 149.6 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 149.6 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 59.6 მილიონი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 209.2 მილიონი ლარი იყო. ამასთან, სებ-ის გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 93.8 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის ამავე პერიოდში 77.1 მილიონი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, დეკემბერში 17.1 მილიონი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 55.4 მილიონი ლარი იყო.

თაია არდოტელი