ინტერესი გამოხატულია ბანკების მხრიდან, შეთანხმება მიღწეულია თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბანკთან. სქემა პირველი აპრილიდან უკვე ოფიციალურად ამოქმედდება, - ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართელოში“-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი მიზანი იქნება დაეხმაროს მეწარმეებს, რომლებსაც უჭირთ პირადი უზრუნველყოფით სესხის აღება. სახელმწიფო დაეხმარება მათ სესხის უზრუნველყოფაში, რათა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსება.
შეგახსენებთ, რომ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, 1-ელი აპრილიდან, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. სქემის ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.