აუდიტის სამსახური - 2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურში დანამატის სახით გაწეული მთლიანი ხარჯი სათანადოდ დასაბუთებული არ არის

აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 - 2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წელს 3 604 თანამშრომელზე გაცემული 7 128 200 ლარის პრემია არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 - 2017 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე 809 თანამშრომელზე გაცემული პრემია, 391 750 ლარით აღემატება პრემირებულ თანამშრომელთა ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებებით დაკონკრეტებული არ იყო დანამატის გაცემის მოტივი და მიზნობრიობა. შედეგად, დანამატის სახით 2 წლის მანძილზე გაწეული მთლიანი ხარჯი სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

თაია არდოტელი