საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ ელექტრომობილების ელემენტების მწარმოებელი ინდუსტრიის გასავითარებლად, მთავრობა 700 მილიონი ევროს ინვესტიციას გაიღებს. ამ თანხის ათვისება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება.
ასეთი სოლიდური ინვესტიციის მიზანი ისაა, რომ შეამციროს ფრანგული საავტომობილო კომპანიების დამოკიდებულება, ელემენტების აზიიდან და შეერთებული შტატებიდან მიწოდებაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გეგმა პარიზში, ავტომობილების მწარმოებელთა საერთაშორისო ორგანზაციის ფორუმზე წარმოადგინა.
მსგავსი საინვესტიციო გეგმა გერმანიასაც აქვს შემუშავებული. ამავე სფეროში, გერმანიის მთავრობა 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას გეგმავს. მიზანი ისაა, რომ როცა ავტოინდუსტრია მასობრივად დაიწყებს ელექტრომობილების წარმოებას, ავტომწარმოებლები შიდაწვის ძრავების წარმოებას შეწყვეტენ და ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანი გამოთავისუფლდება. მთავრობის ინვესტიცია სწორედ ამ ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ამ ორი საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, გერმანიასა და საფრანგეთში თითო ქარხანა ამოქმედდება. მაკრონის თქმით, სავაჭრო ურთიერთობათა ამჟამინდელი დაძაბულობის ფონზე, ევროპელი ავტო მწარმოებლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ჩინეთიდან მიწოდებაზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ.
„როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, მე არ მსურს, რომ ჩვენი ავტომწარმოებლები ელემენტების 100 პროცენტს აზიიდან ღებულობდნენ. ჩვენი და ევროპული ავტოინდუსტრიისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, 100 პროცენტით არაევროპულ მიწოდებაზე დამოკიდებულება არასასურველი იქნება. ჩემი აზრით, ელემენტების წარმოების ევროპაში დაწყება, ჩვენი კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - ამბობს მაკრონი.
პრეზიდნტი ასევე დასძენს, რომ ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის, აუცილებელია ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარება. ამის გარეშე, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა შეუძლებელი იქნება.