რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა

ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს მიიღებს. პირველი ფაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 2500 ადამიანი დასაქმდება. ამასთან, 5-დან 10 წლამდე ვადაში, ქვეყნის ეკონომიკისთვის მარტო პირველი ფაზის ეფექტი რამდენიმე მილიარდი დოლარი იქნება. ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

რა ეტაპზეა ნავსადგურის მშენებლობა, რა ოდენობის ინვესტიციაა უკვე დახარჯული და სხვა დეტალებზე ბიზნესმენმა 12 თებერვალს კავკასიის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საბოლოო ჯამში კი, ნავსადგურის პირველი ფაზის დასრულებაზე 600 მლნ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის ეფექტიანობას, მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტი იმუშავებს წელიწადში 98% დატვირთვით. მისი თქმით, ვერანაირი ამინდი და ტექნიკური პირობები ხელს ვერ შეუშლის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მიიღოს გემი. ამასთან, ეფექტიანობას აძლიერებს ის ამწეები, რომლებიც საათში დაახლოებით 35 მოძრაობას შეასრულებენ.

„უკვე დახარჯული 70 მილიონიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, ანუ 30 მლნ განვახორციელეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი, ათენა გემის მომსახურებაში, რომელიც ჩამოვიყვანეთ სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში. ამ გემმა ამოიღო 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა და განათავსა 100 ჰექტარ მიწაზე, 8 მეტრი სიმაღლით. როგორც იცით, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია არის ჭაობი, ამიტომ ეს სიმძიმე დავყარეთ, რათა წყალი ამოგვეტუმბა. ამ ტერიტორიაზე ჩასმულია 3500 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე მილი (ეს არის მანძილი თბილისიდან ოსლომდე). ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის და ნახევარი მეტრით უკვე დაჯდა მიწა. დაახლოებით, მარტი-აპრილში ველოდებით, რომ ეს მიწა დაჯდება 1 მეტრამდე და როგორც კი 95%-მდე მდგრადობას მივაღწევთ, დაიწყება ბეტონის სამუშაოები. სხვა შემთხვევაში იქ მშენებლობის დაწყება შეუძლებელია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად ტენდერი გამოცხადებულია ბეტონის სამუშაოებსა და ტექნიკაზე. ამ უკანასკნელში კი მონაწილეობას იღებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა, „მიცუბიში“, „ჰიუნდაი“ და ა.შ.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პირველ შემთხვევაში საუბარია, დაახლოებით, 250 მლნ დოლარის ღირებულების ტენდერზე. რაც შეეხება ამწეებისა და ტექნიკის ტენდერს, მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია.

„რაც შეეხება ქალაქის მშენებლობას, წელიწადნახევარია დავიქირავეთ ინგლისური, მსოფლიოში ძალიან ცნობილი დამგეგმარებელი კომპანია, რომელმაც უკვე დაასრულა მუშაობა. ძირითადად ეს არის სასაწყობო და საწარმოო მიმართულებები. როგორც კი პორტის მშენებელობა დასრულდება, იქაც დავიწყებთ იგივე პროცესის ჩატარებას. ანუ, გემი ათენა ჩამოვა მომავალ წელს და დამატებით ამოიღებს 8 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშას. შესაბამისად, იქაურობასაც მოვამზადებთ ქალაქის მშენებელობისთვის“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ მთლიანი საპორტო ქალაქი 2021 წლის მაის-ივნისში დასრულდება.

მისივე ინფორმაციით, გემის სადგომის სიგრძე ჯამურად იქნება 850 მეტრი, რომელიც ერთდროულად სამი გემის მიღებას შეძლებს. ამასთან, ერთი იქნება ნაყარ ტვირთზე, ორი კი კონტეინერებზე ორიენტირებული გემი.

„პირველივე ფაზაში დასაქმედება 2500 ადამიანი, 5-დან 10 წლამდე ვადაში და ჩვენი ქვეყნის ეკომიკისთვის მარტო პირველი ფაზის ეფექტი იქნება რამდენიმე მილიარდი დოლარი.

აქ ყველაზე მთავარია, რომ ჩინეთიდან ჩამოსული მატარებელი, შავი ზღვის სანაპირომდე, ამ შემთხვევაში ანაკლიამდე ან ფოთამდე, ჩამოდის 8 დღეში, ხოლო ჩვენი სანაპიროდან ევროპის ნებისმიერ ქალაქამდე გვჭირდება დაახლოებით, 5-7 დღე. ანუ 15 დღეში ცენტრალური ჩინეთიდან წამოსული კონტეინერი შეგვიძლია მოვახვედროთ ევროპის ნებისმიერ ქალაქში.

დღეს ჩინეთიდან კონტეინერი ჩადის 50-დან 60 დღემდე ვადაში. წარმოიდგინეთ, 60-დან 15 დღემდე შემცირება, რა ეკონომიაა ნებისმიერი მწარმოებლისთვის, ვისაც პროდუქციის გატანა ჩინეთიდან ევროპის, ან საპირისპირო მიმართულებით უნდა“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ბიზნესგეგმა არა ჩინეთის ტვირთებზე, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე იქნება გათვლილი. ისეთზე როგორებიცაა უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, სომხეთი, აზერბაირჯანი და ჩრდილოეთ ირანი.

ნინი ქეთელაური