ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა - ამის შესახებ „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასე გამოეხმაურა ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მიერ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენების მოთხოვნის შემდეგ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით შს მინისტრმა მას წილების დათმობა მოსთხოვა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.