საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან.
„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს; მინდა ამაზე ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მე გითხარით იმის შესაძლებლობა, რომ მაისში და ივნისში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიოს ექვსი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის ორი სახელმწიფო ბანკია - გერმანიის და ჰოლანდიის; ასევე, ევრობანკი, ოპეკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი. 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამითაც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. ახლაც ისე იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, თუ რა თქმა უნდა, ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, ყველა დაინტერესებულ მხარეს და პარლამენტს იმიტომ მოვუწოდეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე - ბიზნესის კეთება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.