,,მე ვფიქრობ ძალიან ღირსეული გამოსვლა იყო, მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მინიმუმ იმის თქმა შემიძლია, რომ ღირსებას არ კარგავენ“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგის შეფასებისას განუცხადა.
,,ისინი გამოვიდნენ კომისიის შექმნის ინიციატივით. გასაგებია, რომ მზად არიან, სრულად გამჭვირვალედ წარმართონ პროცესი. ეს კარგია, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ამ რთულ ვითარებაშიც ძალიან ღირსეულად გამოიყურებიან და მე ვისურვებ ბოლომდე შეენარჩუნებინოთ ეს მდგომარეობა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების მხრიდან გაჟღერებულ კითხვას - ხომ არ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა წილების დათმობა, ხუხაშვილის თქმით, მსგავსი მოთხოვნები ასეთი უხეში ფორმით არ ხდება.
,,ადამიანებს იმაზე მეტს ვერ ათქმევინებ, ვიდრე გეგმავენ თქმას. საერთოდ ასეთი მოთხოვნა ასეთი უხეში ფორმით არ ხდება. მე ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ის, რისი თქმის უფლებაც მისცეს მათ საკუთარ თავს და თეორიებს მე პირადად არ გავყვებოდი. ფაქტია, რომ ეს საქმე ყარს. პრინციპში მთავარი ზიანი, რაც მოსალოდნელია და რაც უკვე ფაქტობრივად მიადგა ანაკლიის პორტის პროექტს, ეს უკვე ცხადია და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ შეიქმნა ისეთი რისკები, რომლებმაც შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.