“ევროპული საქართველო“ პარლამენტს 2020 წლამდე დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებისა და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შეჩერებას სთავაზობს.
შესაბამისი კანონპროექტი “ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, თუმცა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის წინადადება ბიურომ არ გაიზიარა.
როგორც დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია.
“არ არის გარკვეული, სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. არ არის შექმნილი საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია, მოდელის სხვა დეტალებიც. პროექტი მიზნად ისახავს ნაჩქარევად, მოუმზადებლად მიღებული ნორმების შეჩერებას, იმ პერიოდამდე, სანამ მოხდება პარლამენტში ახალი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც დაგროვებითი პენსიის სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.