საქართველო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადაპტაციის ზომების გასატარებლად, საქართველოს მთავრობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF), შვეიცარიის მთავრობასთან და „გაეროს განვითარების პროგრამასთან“ (UNDP) აქტიურ თანამშრომლობას იწყებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის საჯარო წარდგენა ხვალ სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ასევე, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და კერძო სექტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.