ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება. მის ფარგლებში კომპანია ჭუბერისა და ნაკრას ყველა საოჯახო მეურნეობას მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სს „ნენსკრა ჰიდრო“ 400-მდე ოჯახს გაუწევს დახმარებას, მიწის ნაკვეთების ჯამური ფართი კი 450 ჰა-ს აღწევს. ნაკვეთების აგეგმვის, აზომვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ კონსულტაციის ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.
„მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი სს „ნენსკრა ჰიდროს“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. საკუთრებაში არსებული მიწის ოფიციალურად დარეგისტრირება ჭუბერისა და ნაკრას მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემთ, განავითარონ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი ან საოჯახო ტიპის სასტუმროები“, - აღნიშნავს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.