2018 წელს ელექტრომობილებმა 117,465 კილოვატით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს

2017-2018 წლებში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ ჯამში, 217,651 კილოვატი შეადგინა.

გასულ წელს ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 167,558 კილოვატი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით, 117,465 კილოვატით მეტია. კერძოდ, 2017 წელს ეს მონაცემი 50,093 კილოვატი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-space ავრცელებს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ამონტაჟებს.

კომპანიამ დამტენების დამონტაჟება 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 56-ს აღწევს.

ჯამში, გასული წლის განმავლობაში ელექტრომობილების დამუხტვის რაოდენობამ 21,999 ტრანზაქცია შეადგინა. 2017 წელს კი ეს მონაცემი - 6,269 იყო.

ელექტრომობილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზრდა სავარაუდოდ, მათი რაოდენობის ზრდას უკავშირდება. ელექტრომობილების გაზრდილ მოთხოვნაზე გასული წლის ბოლოს, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია E-space-ის გენერალური დირექტორი სულხან გვალია ესაუბრა.

მისი თქმით, თუ რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში თვეში საშუალოდ 10 ელექტრომობილი შემოდიოდა, 2018 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 50-დან -70- მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების პოპულარიზაციით დედაქალაქის მერიც დაინტერესებულია. როგორც კახა კალაძე აცხადებს, მერია მზად არის მოსახლეობის მიერ შერჩეულ ყველა ლოკაციაზე ელექტროდამტენები დაამონტაჟოს.

თაია არდოტელი