საქართველოს მთავრობამ რუსული გაზისადმი დამოკიდებულება შეცვალა.
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გაზი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს, ალტერნატივად კი არცერთ სხვა გზას არ განიხილავს, გარდა რუსეთისა. როგორ გაზეთი „რეზონანსი" წერს, ენერგეტიკოსებში აზრი ორად არის გაყოფილი, ვითარება კი თანდათან რთულდება, რადგან ბუნებრივი აირის მოხმარება დიდი სისწრაფით იზრდება.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია დამაფიქრებელ პროგნოზს აკეთებს, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის წლიურმა მოხმარებამ შესაძლოა, 3,5 მლრდ კუბამეტრს გადააჭარბოს. ეს ნიშნავს, რომ გაზის მოხმარება ქვეყანაში 50%-ით გაიზრდება. ამ ფონზე, უფრო მეტად აქტუალური ხდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის თემა. საიდან უნდა მიიღოს საქართველომ გაზი, ერთი მხრივ, ხელმისაწვდომ ფასად, მეორე მხრივ კი ისე, რომ გაზი არ იყოს პოლიტიკური იარაღი ოკუპანტი მეზობლის ხელში?
იმ ფონზე, როცა ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი მონოპოლიურად მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს და ქვეყანამ „ცოტა გაზი" რუსეთიდანაც უნდა იყიდოს.
„ჩვენ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლები, ზოგჯერ ცოტა მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება შევქმნათ დივერსიფიკაცია საქართველოს ბაზარზე. არ უნდა იყოს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმიტომ, რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასზეც", - განაცხადა ქობულიამ ტელეეთერში.
მინისტრისაგან განსხვავებით, ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის ტრანსკასპიური გზსადენისა და „თეთრი ნაკადის" პროექტის განმახორციელებლი კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაყმაძეს ყველაზე რეალურად თურქმენული გაზი ესახება. მისივე აზრით, მთავრობა ცდილობს, რუსულ გაზს ჩამოეკიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული გზა არსებობს.
„აზერბაიჯანს პატარ-პატარა საბადოები აქვს დარჩენილი, ამაზე საუბრობს ყველა ენერგეტიკოსი და ეს მომენტი არავისთვისაა საიდუმლო. შეუძლებელია, გაზზე გაზრდილი მოთხოვნა აზერბაიჯანმა დააკმაყოფილოს. თურქმენეთს ასჯერ მეტი რესურსი აქვს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამოწურვაც არ ემუქრება. თანაც მისი მოპოვება ძალიან იაფი ჯდება. ამ ქვეყანამ გაზსადენი მოიყვანა კასპიის ზღვამდე, 2-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო, მაგრამ მას გაგრძელება აღარ აქვს, ვიღაცამ უნდა ითავოს ეს და შეუერთოს სამხრეთის დერეფანს და გონივრული მოლაპარაკებებით, სათანადო ანაზღაურებით უნდა მოვიდეს ჩვენამდე აზერბაიჯანის გავლით.
არ მესმის, რატომ არ დგას ამ კუთხით საკითხი და რატომ ვცდილობთ, მაინცდამაინც ჩამოვეკიდოთ რუსეთს, რომელთანაც ყოველი ახალი ხელშეკრულება უარესია წინაზე. ასევე არ მესმის ისიც, რატომ არ გვაქვს დღემდე გაზსაცავი, რომელიც 2006 წელს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ თემაზე არ მუშაობს აქტიურად არავინ. არადა, ეს პირველი რიგის ამოცანაა ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით.
თუ პოლიტიკურად სახიფათო არ იქნება, შეიძლება რუსული გაზის იმპორტიც, მაგრამ ეს არ გვაწყობს. მოსკოვი ნებისმიერ დროს შეძლებს მიწოდების შეწყვეტას და ქვეყნის ინდუსტრიას დააზარალებს. თუ ეს იქნება თურქმენული გაზი და მასზე ავაწყობთ იმ ინდუსტრიას, რომელიც გაზს მოიხმარს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
გვეუბნებიან, რომ მომარაგება გაგვიორმაგდება, მაგრამ არავინ აკონკრეტებს, ამის შემდეგ რა წყაროებიდან აპირებენ გაზის შეძენას და როგორ აღმოფხვრიან დეფიციტს. რუსეთზე დამოკიდებულება თუ არ უნდათ, ეცადონ, რომ მოხმარება 50%-ით არ გაიზარდოს. რუსული გაზი შორსაა და არც ისე იაფიც. ჩვენ უნდა შევძლოთ თურქმენული გაზის იმპორტი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეგვექმნას და სახტად არ დავრჩეთ", - აცხადებს ვაშაყმაძე „ბიზნეს-რეზონანსთან".
სხვაგვარად უყურებს მოვლენებს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. იგი რუსული გაზის შეძენას საფრთხედ არ მიიჩნევს, თუკი ფასი მისაღები იქნება, თანაც ჩრდილოელი მეზობლის ნედლეული ბევრად ეკონომიური და ხარისხიანია.
„ქობულიას განცხადება იყო ძალიან სწორი იმ ფონზე, როცა ნამდვილად მონოპოლიურად გვაწვდის დღესდღეობით გაზს აზერბაიჯანული მხარე. რუსული გაზი არის ბევრად უფრო ხარისხიანი, მეტია კალორაჟი და შესაბამისად, ეკონომიურიცაა. რასაკვირველია, კარგი ალტერნატივა იქნებოდა გაზრდილი მოხმარების პირობებში თურქმენეთი, თუმცა მოწოდების გზა ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამიტომაც ორ უშუალო მეზობელზე უნდა გაკეთდეს სწორება.
აღსანიშნავია ისიც, რომ "გაზპრომთან" სწორედ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კარგი იქნებოდა, ჩვენი მხარე უფრო წარმომადგენლობითი და ძლიერი იყოს, რათა ნატურით მიწოდება აღდგეს. ეს ძალიან გააძლიერებდა საქართველოს პოზიციებს", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ენერგეტიკოსი.
„გაზპრომთან" ჯერაც მიმდინარე კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების პირობები საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურითა და ფულით) ანაზღაურებას, 2018 წლიდან კი მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
„გაზპრომი" საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას 2016 წელსაც სთავაზობდა, თუმცა ვითარება 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია "სოკარის" პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსათვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე ქართული მხარე "გაზპრომის" წინადადებას დათანხმდა.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"