2018 წელს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე  და ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის  ფაქტები გამოვლინდა

2018 წელს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე და ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა.

ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 810 ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის: 652 შემთხვევაში გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტები, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა; 158 შემთხვევაში კი სამართალდარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

მათ შორის კონტროლის შედეგად გამოვლინდა: წარმოების სანებართვო პირობების დარღვევის – 3 ფაქტი; ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების წესის დარღვევის – 1ფაქტი; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის – 17 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის – 39 ფაქტი; აღნიშნული წესის განმეორებით დარღვევის – 3 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის – 2 ფაქტი და ა.შ.

„ამასთან, საკონტროლო პერიოდში, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამის“ ფარგლებში, საცალო რეალიზაციის რგოლში 116 დაწესებულებაში შესყიდული იქნა 304 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი. ვიზუალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 5 დასახელების (6 პოზიცია) სამკურნალო საშუალების შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშის შეფუთვა-მარკირებას, ხოლო 2 დასახელების (3 პოზიცია) ფარმაცევტულ პროდუქტი წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეს (არარეგისტრირებულს). ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა 41 დასახელების შესყიდულ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის 4 დასახელების სამკურნალო საშუალება წარმოადგენდა სუბსტანდარტულს,“-აღნიშნულია ანგარიშში.

თაია არდოტელი