სამართალდარღვევების გამო 2018 წელს 23 ავტორიზებულ აფთიაქს ნებართვა გაუუქმდა.
ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 810 ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის: 652 შემთხვევაში გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტები, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა; 158 შემთხვევაში კი სამართალდარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სამართალდარღვევების გამო, რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ნებართვა გაუუქმდა 23 ავტორიზებულ აფთიაქს.
საკონტროლო პერიოდში, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2018 წლის პროგრამის“ ფარგლებში, საცალო რეალიზაციის რგოლში 116 დაწესებულებაში შესყიდული იქნა 304 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი. ვიზუალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 5 დასახელების (6 პოზიცია) სამკურნალო საშუალების შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშის შეფუთვა-მარკირებას, ხოლო 2 დასახელების (3 პოზიცია) ფარმაცევტულ პროდუქტი წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეს (არარეგისტრირებულს). ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა 41 დასახელების შესყიდულ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის 4 დასახელების სამკურნალო საშუალება წარმოადგენდა სუბსტანდარტულს,“-ნათქვამია ანგარიშში.