2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება.
აქედან ექსპორტი 238.8 მლნ აშშ დოლარს (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მლნ აშშ დოლარს (1.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 158.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
„2019 წლის იანვარში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 7.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 139.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (6.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 23.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 22.9 პროცენტს შეადგენს.
2019 წლის იანვარში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 55.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 168.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (23.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 294.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 12.4 პროცენტი იყო,“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (39.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (34.5 მლნ აშშ დოლარი) და რუმინეთი (28.1 მლნ აშშ დოლარი). ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (90.7 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (74.4 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (63.2 მლნ აშშ დოლარი).
„2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (112.0 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (97.6 მლნ აშშ დოლარი) და მესამე ადგილზე რუსეთი (88.1 მლნ აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 42.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 26.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 18.2 მლნ აშშ დოლარით (7.6 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 46.1 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 43.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 33.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.7 პროცენტი),“- ვკითხულობთ ინფორმაციაში.