2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1,694 მლნ კაცს შეადგენს

2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1,694 მლნ კაცს შეადგენს, საიდანაც 860 ათასი, ანუ დაახლოებით 51% დაქირავებულია, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებულია, - ამის შესახებ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის IV კვარტალის მაჩვენებლები წარმოადგინა.

მისივე თქმით, 2018 წელს დასაქმების სტრუქტურაში განვითარებულ მოვლენებს შორის აღსანიშნავია დაქირავებულთა რაოდენობის ზრდა და შესაბამისად, თვითდასაქმებულთა წილის შემცირება.

"დაქირავებულთა ზრდა ძირითადად, განპირობებულია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით შემდეგ დარგებში: ეს გახლავთ ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა და ასევე, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა. აღნიშნულმა შესაბამისად, განაპირობა დასაქმების სტრუქტურის ცვლილება. თუ 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 52%-ის ფარგლებში იყო, 2018 წელს 49%-იანი წილითაა წარმოდგენილი", - განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზებს შორის აღსანიშნავია, ასევე ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, დაახლოებით 6,3%-ით.

საუბრისას თოდრაძემ ასევე აღნიშნა, რომ უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია სასოფლო დასახლებებში 5,1%-დან 5,8%-მდე, ხოლო ქალაქად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი შემცირდა 22,8%- დან 19,3%-მდე.