ჩვენ, როგორც მთავრობა მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა განუცხადა.
გიორგი ქობულია „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ანაკლიის პროექტზე „ძალიან დიდი გავლენა“ არ მოუხდენია.
„ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატება იმ დაფინანსებაში, რომელსაც ვაძლევთ ამ პროექტს. ეს ეხება მიწების გამოსყიდვას, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, 100 მილიონ დოლარამდე პირდაპირ ინვესტიციას პროექტის კაპიტალში. მე მგონი, ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის, რომ მთავრობა გვერდში უდგას ამ პროექტს და ეხმარება.
რაც შეეხება პროექტზე მიმდინარე პროცესის ზემოქმედებას, ამ პროექტში ჩართულია მთელი კონსორციუმი. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი, ამიტომ ვერ ვხედავ ისეთ ძალიან დიდ გავლენას ამ პროექტზე“, - განაცხადა ქობულიამ.
რაც შეეხება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას, მინისტრის თქმით, „რაღაც გავლენა აქვს“.
„რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რაც ხდება დღეს „თიბისისთან“ დაკავშირებით, არასწორი და გასაკვირი იქნება ვთქვათ, რომ არანაირი გავლენა არ აქვს. რაღაცა გავლენა აქვს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.