ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი 2018 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 10.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 22.1 ლარი ღირდა. ეს მაშინ როდესაც, 2017 წლის IV კვარტალის მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23.3 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 20,7 ლარი ღირდა.
რაც შეეხება სასაკლაოების რაოდენობას, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 20 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში 92 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, ხოლო 2017 წელს - 72.
ამასთან, 2018 წელს აღრიცხული სასაკლაოებიდან 22.8 % - ქვემო ქართლში, 16.3% - კახეთში, 12.0 % - იმერეთში, 12.0 % - შიდა ქართლში, 9.8 % - სამეგრელო -ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.2 % სხვა რეგიონებშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 143.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის, 32.2 % მსხვილფეხა, ხოლო 67.8 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა კი 3,002.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, სასაკლაოების მიერ 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში 11,371.0 ტონა ხორცის იწარმოა (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.2 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.3 % - ფრინველის, 15.4 % - ღორის, 9.0 % - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საქსტატის ინფორმაციით, მომსახურება გაეწია 12.8 ათას პირს, საიდანაც 50.1% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურ რაოდენობას, 2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, 993 კაცი შეადგინა.