ქონებრივ დეკლარაციაში ე.წ. არაარსებითი სახის დარღვევებთან დაკავშირებული კრიტერიუმები კანონის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში ე.წ. არაარსებითი სახის დარღვევებთან დაკავშირებული კრიტერიუმები კანონის ნაცვლად, შესაძლოა მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს. ეს არის ერთ-ერთი ცვლილებება, რომელიც “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის. პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.

ამავე ცვლილებებით თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში ასასახი საგნის ღირებულებისა და შემოსავალ/გასავლის ნაწილში მისათითებელი თანხის ოდენობები იზრდება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით, 4 ათასი ლარს აღემატება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ნაღდი ფულადი თანხის ოდენობა 4 ათასი ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება 3 000 ლარს აღემატება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით კი, საგნის ღირებულების ოდენობა 3 000 ლარიდან 10 ათას ლარამდე იზრდება.

ასევე, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის შემოსავლისა და გასავლის ნაწილში ამჟამად განსაზღვრული თანხა 1 500 ლარი იზრდება 5000 ლარამდე - გასავლის ნაწილში, ხოლო შემოსავლის ნაწილში - 3 000 ლარამდე.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი და ალექსანდრე ერქვანია.