„როდესაც ვიღაცის ლანძღვა უნდათ, მაშინივე ბანკებს ახსენებენ და არავინ საუბრობს იმ ონლაინ კომპანიებზე, რომლებმაც რეალურად ჭარბვალიანობა გამოიწვიეს“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 12 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამით მან სტარტაპების ხელშეწყობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება არა ბანკებზე, არამედ სხვა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
„როდესაც საქმე სატარტაპებს ეხება, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს იმ ყველაზე მთავარზე, რაც მათ ამუშავებას სჭირდება. ყველა ხელს იშვერს ბანკებისკენ. ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს. ეს არის საკრედიტო ინსტიტუტი, ძალიან მკაცრი რეგულირებით. როდესაც ვიღაცის ლანძღვა უნდათ, მაშინივე ბანკებს ახსენებენ და არავინ საუბრობს იმ ონლაინ კომპანიებზე, რომლებმაც რეალურად ჭარბვალიანობა გამოიწვიეს. ეს ბანკებს არ გამოუწვევიათ. იმ ყბადაღებულ მილიარდ ნახევრში, რაც ჩამოიწერა, ბანკების წილი იყო 20-25%, მაგრამ ყველაფერი მაინც ბანკებს მიეწერა. დანარჩენი იყო პარტარ-პატარა კომპანიები, რომელთა უმეტესობის სახელებიც კი, დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ არ იცის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიმართლე არის მთავარი რამ, თუ გინდა ეკონომიკა ააწყო. არ შეიძლება ტყუილი თქვა და არჩევნები რომ დასრულდება, მერე სხვანაირად შემოაბრუნო.
სანამ საქართველოში კაპიტალური ბაზარი არ განვითარდება, სანამ არ შეიქმნება ვენჩურული კაპიტალი და „ენჯელ ინვეტორები“ არ გამოჩნდებიან, რომლებიც პორტფელურად დააფინანსებენ სტარტაპებს, მე ვერ ვხედავ სტარტაპის განვითარებას. შეიძლება, იდეა არის ფანტასტიური, მაგრამ იმას ფულის ჩადება, ასევე ის ადამიანები სჭირდება, ვინ ბოლომდე წამოგვყვებიან და ამას ბანკი ვერ გააკეთებს. ბანკი არის მოზიდული დეპოზიტების განმკარგავი ინსტიტუტი, მას აბარია ადამიანების და კორპორაციების ფული და ის თავის ჭკუით ვერ ჩადებს ისეთ პროექტში, რომელიც ან გაამართლებს ან არა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას ორი რამ ამოძრავებს, ერთი ბირჟა და მეორე შიდა მოხმარება.
„თუ ქვეყანა არის 30-მლიონიანი, შიდამოხმარება იმხელაა, რომ მშპ-ის ზრდის, რაც არ უნდა ღარიბი ქვეყანა იყოს. თუ ეს არ გაქვს, ანუ ჩვენ, მაშინ ეს არის ბირჟა. ისე არაფერი არ ამოძრავებს ეკონომიკას, როგორც ეს ორი ფაქტორი. იმიტომ არის, რომ დღეს ჩვენს ეკონომიკას ინახავენ ჩვენი დები და ძმები, რომლებიც ემიგრაციაში არიან და ყოველწლიურად მილიარდ ნახევარ დოლარს აგზავნიან ქვეყანაში, თავისი მძიმე შრომის შედეგად. მაშინ როცა, ჩვენ ამას უნდა ვიღებდეთ კორპორციებისგან და ა.შ აი, ასეთი რამეები არის გამოსასწორებელი, რათა რეალურად შეიცვალოს სიტუაცია“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.