მებაჟეებმა უკანონოდ შემოტანილი ოქროს ნაკეთობები და სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილოს" მებაჟე ოფიცრებმა, დღეს, უკანონოდ შემოტანილი ოქროს ნაკეთობები და სიგარეტი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 21 ათასი ღერი სიგარეტი დეკლარირების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქე ა.დ.-ს შემოჰქონდა. საქონელი მგზავრის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

დღესვე, "სადახლო-საავტომობილოზე" სომხეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე მ. კ., რომლის დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული 20 ცალი ოქროს ბეჭედი და 8 წყვილი ოქროს საყურე აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონამ 122,35 გრ, საერთო ღირებულებამ კი 5221,90 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა - 5221,90 ლარი.