„შენობის ავარიულობის დადასტურების შემთხვევაში K2 კოეფიციენტის მატება დასაშვები იქნება“

შენობის ავარიულობის დადასტურების შემთხვევაში K2 კოეფიციენტის მატება დასაშვები იქნება - ამის შესახებ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტოგონიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამასთან აუცილებელია სხვა ბერკეტების შემოღებაც, რადგან ქალაქმა უსასრულო ინტენსიური მშენებლობები არ მიიღოს.

„ყოველი ავარიულობის ნაწილი განიხილება ინდივიდუალურად. ამასთან დაკავშირებით დეტალურ წესს მუნიციპალიტეტი ამუშავებს. ეს საკითხი არ უნდა იყოს მხოლოდ ინტენსიობის K2 კოეფიციენტზე მიბმული. უნდა შემოვიღოთ სხვა ბერკეტებიც, რომ ამორტიზებული საცხოვრებლების ჩანაცვლება დაინტერესება ჯანსაღად მოხდეს და ინვესტორებიც დაინტერესდნენ“, - განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ.

ტოგონიძე ადასტურებს, რომ დედაქალაქში უკვე საკმაოდ ბევრ შემთხვევაშია გაცემული K2 კოეფიციენტის მატებასთან დაკავშირებული ნებართვა. თუმცა კონკრეტულ რიცხვებს ვერ ასახელებს.

„ამ ეტაპზე კონკრეტული სტატისტიკის თქმა, თუ რამდენ შემთხვევაშია გაცემული K2 კოეფიციენტის მატებაზე ნებართვა, შეუძლებელია. პარამეტრის მატება ხდებოდა როგორც განაშენიანების რეგულირების გეგმით (გრგ), ისე სპეციალური ზონარული შეთანხმების საფუძველზე. 2014 წლიდან წელიწადში სპეციალური ნებართვით დაახლოებით 350 პარამეტრის მატებაა დაფიქსირებული, ხოლო წინა პერიოდში 700-მდე. ამასთან, მათი ნაწილი უკვე რეალიზდა. ნაწილს კი მშენებლობა ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს“, - განუცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მერიის შესაბამისი სამსახური თითოეულ ახალ შემოსულ ნებართვას განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აიკრძალება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ამასთან, გენგეგმის ავტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, 6 მილიონ კვ.მ ფართობზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, მათზე კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაცია არ გავრცელდება.

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნებართვებიდან რამდენს აქვს K2 კოეფიციენტი ნაყიდი.

ქრისტინე გამთენაძე