"ენგურჰესის" სრულად გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდება, - ამის შესახებ ნათქვამია РУП "Черноморэнерго"-ს განცხადებაში.
„ენგურჰესის სრული გაჩერება 420 მეტრის ნიშნულზე ხდება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, 20 თებერვლის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე და შემდგომში ყოველდღიურად, ამავე გრაფიკით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება. აღნიშნული შეზღუდვა მანამ იმოქმედებს, ვიდრე დეფიციტი რუსეთიდან მიწოდებით არ დაიფარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
2019 წლის 19 თებერვლისთვის ენგურჰესის ჯამური გამომუშავება, წყალმოვარდნის დაწყებამდე, 310 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს, ხოლო ამ პერიოდში კი მოხმარების მაჩვენებელი 366 მილიონ კილოვატ-საათია. შესაბამისად, დეფიციტი წყალმოვარდნის პერიოდის (მარტი-აპრილი) დაწყებამდე 56 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს.