2019 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 2.3 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.09 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.
კერძოდ, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (16.1 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-10.0 პროცენტი).
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა.
„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.43 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.9 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (14.3 პროცენტი). პარალელურად, ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-14.1 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა;
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 4.2 პროცენტიანი კლება, რამაც 0.28 პროცენტული პუნქტით შეამცირა მთლიანი ინდექსის წლიური ცვლილება. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების შემცირება ლითონის მადნებზე და სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქციაზე (-4,9 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.