თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„1-ლი ივლისიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი რამდენიმე ქუჩაზე და საათობრივად მოხდება ამ ქუჩებზე პარკირების საფასურის გადახდა. ეს ქუჩებია კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა და მიმდებარე ქუჩები. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საბურთალოზე სხვადასხვა ქუჩებზეც მოხდეს ამ საპილოტე პროექტის განხორციელება,“-აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ პარკირებულ ავტომობილებს საათობრივი საფასური გადახდა არ მოუწევთ. ამასთან, ავტომფლობელს დღის განმავლობაში 4-ჯერ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ქუჩებზე 15-15-წუთიანი უფასო პარკირებით ისარგებლოს.