ჩინეთმა კოსმოსში მზის ელექტროასადგურის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მეცნიერები ორბიტული ელექტროსადგურის იდეის დამუშავების პროცესში არიან, რომელიც მზის ენერგიას პირდაპირ კოსმოსში შეაგროვებს და მას დედამიწას სპეციალური ლაზერის დახმარებით გადმოსცემს.
ადგილობრივი მედიის განმარტებით, ქალაქ ჩუნცინში ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელმაც ლაზერის გამოსხივება უნდა მიიღოს.
სტრატოსფეროში პირველი საცდელი ელექტროსადგურის ამუშავებას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში გეგმავენ. პროექტს ზედამხედველობას ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემია უწევს, რომელმაც გასულ თვეში მთვარეზე აპარატი chang’e 4 წარმატებით დასვა, 2022 წლისთვის კი საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს. მიმდინარე წელს ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს, შედარებისთვის კოსმოსის ათვისებასა და კვლევაში უფრო მეტ თანხას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს.
გიგანტური პროექტი - როგორ იმუშავებს აპარატი
კოსმოსური ელექტროსადგურის შექმნის იდეის შესახებ პირველად ჩინეთის ყოველდღიურმა გამოცემა Science and Technology Daily-მ დაწერა და პროექტის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაასაჯაროვა.
გამოცემის თანახმად, აპარატმა 36 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე გეოსტაციონარულ ორბიტაზე უნდა იმოძრაოს - უფრო სწორად, დედამიწის ბრუნვის სინქრონულად მანაც უნდა იბრუნოს. დედამიწაზე მდებარე მზის ელექტროსადგურებისგან განსხვავებით, კოსმოსში განთავსებული სადგური ენერგიას 24 საათის განმავლობაში გამოიმუშავებს და არ იქნება დამოკიდებული ისეთ ბუნებრივ ფაქტორებზე, როგორიც ამინდი, სეზონების ან დღე-ღამის ცვლაა და დაახლოებით 6-ჯერ უფრო ეფექტური იქნება.
გამოცემა პროექტის ერთ-ერთი შემმუშავებლის, კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის თანამშრომლის, პან ჩჟიხაოს სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, ახალი ტექნოლოგია „კაცობრიობისთვის სუფთა ენერგიის ამოუწურავი წყარო“ გახდება. თუმცა იქამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგალითად, ის რომ ელექტროსადგურის მასა, დაახლოებით, 1000 ტონაა, რაც თითქმის 2,5-ჯერ აღემატება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წონას. ასეთი მასშტაბების კონსტრუქციის კოსმოსში გატანას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ამიტომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ჩინელი მეცნიერები განიხილავენ, მდგომარეობს იმაში, რომ მზის ელეტროსადგური პირდაპირ კოსმოსში ააწყონ. ჯერჯერობით არც მთავარი საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ უნდა მოხდეს დედამიწისთვის კოსმოსში მოგროვილი ენერგიის გადაცემა. თეორიულად შესაძლებელია, რომ ენერგია ლაზერის სხივში ან მიკროტალღურ ნაკადში კონვერტირდეს, თუმცა ჯერ იმის შესწავლა უნდა მოხდეს, რა გავლენას იქონიებს მსგავსი მასშტაბის 24-საათიანი გამოსხივება ატმოსფეროსა და ზოგადად ეკოლოგიაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს იდეას მხოლოდ ჩინეთში არ ამუშავებენ. გასულ წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ანალოგიური აპარატის პროტოტიპი შექმნა - მსუბუქი პანელები, რომელთაც მზის ენერგიის დაჭერა და დედამიწისთვის გადმოცემა შეუძლია. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს ევროპაში, ინდოეთსა და იაპონიაში.
თუმცა იდეას კრიტიკოსებიც ჰყავს, მათ შორის, ილონ მასკიც არის, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვიდა მსგავსი ტექნოლოგიის შექმნის წინააღმდეგ და თავისი მოსაზრება მოწყობილობის არაეფექტურობით დაასაბუთა.
„თქვენ მოგიწევთ, ფოტონები ელექტრონებში დააკონვერტოთ, შემდეგ ისევ ფოტონებში და შემდეგ ისევ ელექტრონებში. სად არის აქ სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი? ეს იდეა ჩანასახშივე უნდა მოკლა!“- ციტირებდა მაშინ მასკს ჟურნალი Popular Mechanics-ი.
სალომე აბულაშვილი