თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.
“11 თებერვლიდან ჩვენ მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ჰყავს, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავაყენოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რომელთა შესახებაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა, ანუ პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, უკვე 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დამტენების მონტაჟს დავიწყებთ. ორი კვირის ვადაში გამოვაცხადებთ კონკურსს კერძო კომპანიის შერჩევის მიზნით, რომელიც ელექტროდამტენებს დაამონტაჟებს. ამის შედეგად, ეტაპობრივად დაიწყება შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.