„მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარედ სახელმწიფო მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცების ფაქტები გამოავლინა"

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიამ უკვე ასეთი არაერთი ფაქტი გამოავლინა.

„მინდა, შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ანუ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცებას. ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ და ბოლო დღეების განმავლობაში მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა ასეთი უკანონო ფაქტები, როდესაც ტერიტორიების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცება ხდებოდა, რაც ძალიან მძიმეა და პირადად, ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა ფოტომასალა, რომელზეც, მისი თქმით საძირკველის ჩასასხმელად გამზადებული ტრანშეებია გამოსახული.

კახა კალაძის განცხადებით, ფოტოსურათზე ასახული ტრანშეები უკვე შევსებულია და შესაბამისად, მიწაც მოსწორებულია.

„შემდეგ გადის გარკვეული დრო, ელოდებიან და შემდეგ ცდილობენ დაკანონებას. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო და ვიყოთ კატეგორიულები, რომ ეს არავის არ გამოუვა. ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად დაიტაცონ. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რეაგირება იყო დროული. რა თქმა უნდა, ეს ტრანშეები შევსებულია და მიწაც მოსწორებულია. არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, ჩვენ შს სამინისტროს ჩავაყენებთ საქმის კურსში და ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით ამ უკანონობას. ეს ადამიანები ამ ქმედებებით უპირისპირდებიან თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ასეთ მიდგომასა და დამოკიდებულებას. როგორც ვიცი, პატარა სახლებიც არის ჩადგმული და ჰგონიათ, რომ ამას დავუკანონებთ, თუმცა ისინი ძალიან ცდებიან. გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს საკუთრებაში. თუ საჭირო იქნება დემონტაჟის სამუშაოების ჩატარება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. როგორც ვიცი, ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც ასეთ სამუშაოებს შეასრულებს და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს”,- განაცხადა თბილისის მერმა.