„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საუბარია, რამდენიმე დღის წინ მიღებულ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის უფლბამოსილების შეჩერება მოითხოვა.
როგორც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერება სამართლებრივი ნორმების გვერდის ავლით მოითხოვა.
ამასთან, პალატის წარმომადგენლობის შეფასებით, ისინი პატივს სცემენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების უფლებებს და გადაწყვეტილებას სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით.
„როგორც წესი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა თავს არიდებს კომენტარის გაკეთებას მიმდინარე გამოძიებასთან მიმართებაში, თუმცა საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც თან ახლავს ამ სიტუაციას, მივიჩნევთ, რომ საჭიროა საჯარო განცხადების გაკეთება.
„თიბისი ბანკი“ ბატონ ხაზარაძესა და ბატონ ჯაფარიძეს ხელმძღვანელობის ქვეშ 15 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის მნიშვნელოვანი წევრია. გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სვეტია და მისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება მას საქართველოს წარმატების კაშკაშა მაგალითად აქცევს.
ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, გვერდს უვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ „თიბისის“ აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე. როგორც ასეთი, ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისის“ უფლებებს, მათ შორის მისი უფროსი მენეჯმენტის უფლებებს, გამოიყენონ სასამართლო პროცედურები უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაბამისად.
ამერიკის სავაჭრო პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლს და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ნებისმიერი შესაძლო დარღვევების გამოძიების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით „თიბისის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალეობის თაობაზე, რომლითაც ის მზად არის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიაწოდოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სპეციალური სამთავრობო ან საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.
რაც მთავარია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ მუშაობა ამ საკითხის დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტისთვის. სხვაგვარად, მიმდინარე, ძალიან საჯარო დავა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და სამომავლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ, ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.