„მთლიანობაში ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ უცხოური კომპანიები იმარჯვებენ, რეგ-ფონდის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების თითქმის 100% ადგილობრივი კომპანიებია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ სხდომაზე.
დეპუტატების კითხვებზე - რას აკეთებს სამინისტრო მსხვილ ტენდერებში ქართული კონტრაქტორების მეტი ჩართულობისთვის, მინისტრმა განმარტა: „რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხშირად გვყავს გამარჯვებული უცხოური კომპანიები, თუმცა 2018 წლის სტატისტიკით 238 კონტრაქტორი გვყავდა და აქედან 95% ქართული კომპანია იყო და მხოლოდ 13 უცხოური კომპანია გვყავდა, თუმცა ამ 13-დან, მხოლოდ 3 ჩინურ კომპანიაზე მოდის ამ პროექტების ღირებულების 60%-ზე მეტი. ეს, ცხადია დაკავშირებული ამ პროექტების სირთულესა და სპეციფიკაზე. ესაა რიკოთის 2 მონაკვეთი, სადაც ცალ-ცალკე ტენდერები გამოცხადდა და ორივე შემთხვევაში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საერთაშორისო ტენდერების დროს სამინისტრო ვალდებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესები გაითვალისწინოს.
„აქ ბევრი ფაქტორია - კონკრეტული მოცულობები, ბრუნვები, ისტორია, სამწუხაროდ ქართული კომპანიები ამ მოთხოვნებს, უმეტესად, ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა როდესაც უცხოურ კომპანიებზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით, საგზაო სექტორში, მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითად სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობაა ასრულებს. ე. წ. არაკვალიფიციურ სამუშაოებზე ადგილობრივების დასაქმება 70-დან 80%-მდეა. რაც შეეხება ქართული კომპანიების მხარდაჭერას, მაგალითად, ქუთაისის შემოვლით გზაზე, რასაც ჩვენი ბიუჯეტი აფინანსებს და არ ვართ დამოკიდებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შესყიდვების წესებზე, ქართულ კომპანიებს მივეცით კარგი შესაძლებლობა, რათა დააგროვონ მეტი გამოცდილება, ისტორია და ბრუნვა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.