სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ამ ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს მხოლოდ სოფელი ირჩევს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„დავესწარი რამდენიმე სოფლის კრებას და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო იყო მსჯელობის მოსმენა. მინისტრი მათ ნამდვილად არ ეუბნება თუ რა სჭირდებათ, ეს არის ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან და ამ დიალოგში ისინი ღიად აფიქსირებენ პრობლემას, მოთხოვნას, დაპირებასაც გვახსენებენ და მათ შორის კარგ რჩევებსაც გვაძლევენ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის ერთადერთი ფონდი რეგიონებისთვის, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. რეგიონების ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი ფინანსდება ე.წ. რეგფონდიდან, რომელსაც ასევე ცენტრალური ბიუჯეტი ავსებს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ამ ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს მხოლოდ სოფელი ირჩევს. მათ არჩევანში არ ერევა არავინ. ჩემი აზრით, ამ პროგრამის მთავარი დანიშნულება სწორედ სოფლის მოსახლეობის თვითმმართველობის პროცესებში უფრო აქტიური ჩართვაა. რაც შეეხება სოფლის კრებებზე მთავრობის წევრების დასწრებას, ჩვენ ვუსმენთ მათ, ვახდენთ იმ საჭიროებების იდენტიფიცირებას, რომელიც რეალურად აწუხებს სოფელს და ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ სხვადასხვა ფინანსური წყაროდან დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრისას. ეს არის ხალხი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უკარნახებს და მით უმეტეს, ვერავინ ვერაფერს აიძულებს” , - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.