მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ დატოვების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ხაზარაძემ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
„ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.
სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.
მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ, ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.