„სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება“,-ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუვნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლი და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს. ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისათვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია,“- წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ დატოვების შესახებ განაცხადა.
„დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად,“-წერს ხაზარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ, ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.